პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ”მწვადი”

თეთრი კოტეჯი სიმწვანეშია ჩაფლული. აბიბინებული ბალახი და ტანმაღალი ხეები მას უცხო ადამიანთა მზერას არიდებენ. ყვავილების სურნელი იმ ადგილის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც დეზინფექციის სუნი საავადმყოფოში. დაუმატეთ ამას მდინარის საამური ჩხრიალი, გაზაფხულს მონატრებული ჩიტების ჭიკჭიკი და თქვენ მიიღებთ თითოეული ადამიანისგან სანატრელ საცხოვრებელს.  ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტყეებით დაფარული ვეებერთელა მთები, აკვარელით დახატულებს რომ გვანან, ფერთა უჩვეულო შერწყმის გამო – სალათისფერიდან დაწყებული და სტაფილოსფრით დასრულებული.

ჰამაკში წევხართ და ჭეშმარიტად სამოთხისეულ ნეტარებას ხართ მიცემული. გრძნობთ რომ სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ევაღა გაკლიათ და სიამოვნებით დარჩებოდით მასთან ერთად ამ ედემში სამუდამოდ.

მაგრამ უცებ გრძნობთ რომ ჰაერში რაღაც კარგად ნაცნობი და სრულიად უადგილო მოიპარება, თქვენს ნესტოებს იგი ბუმბულის მსგავსად უღიტინებს. მას აქ არაფერი ესაქმება, შეგრძნებები, რომელსაც იგი თქვენში ბადებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულ სხვა ჟანრს განეკუთვნება, დაახლოებით იგივე შეგრძნება გექნებოდათ, სტადინოზე ფეხბურთის ყურების დროს ვინმეს თქვენთვის ცოცხი რომ გადმოეგდოს.

თუმცა კი ნამდვილად მიმზიდველია ეს სუნი, თქვენ ცდუნებას ვეღარ უძლებთ, ტოვებთ მყუდრო ჰამაკს და ეზოს სიღრმეში აბიჯებთ.

ახალგაზრდები მაყალის გარშემო ფუსფუსებენ, ზოგი შეშას ეზიდება, ზოგი მწვადს წვავს, ერთს კი მწვადებჩამოცმული შამფურების მორიგი პარტია უკავია. მოკლედ, მწვადის შეწვის საზეიმო რიტუალი  ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

პოეტური და ამაღლებული განცდა ნელ-ნელა გტოვებთ და ადგილს გაცილებით მიწიერ სურვილებს უთმობს. გარემოს აღარ აქვს მნიშვნელობა, სამაგიეროდ თქვენი კუჭი სულ უფრო დაჟინებით ითხოვს სარჩოს, პირში ნერწყვის რაოდენობა მატულობს და აი უკვე სულგანაბული დაძრწიხართ მაყალის გარშემო.

უცებ წკმუტუნი გესმით, გარშემო იხედებით და ხედავთ რომ სცენას ახალი მოქმედი პირი უახლოვდებიან. კუდაბზეკილი ენაგადმოგდებული, თეთრი ფინია, ნელი, მორცხვი ნაბიჯებით მიიწევს თქვენსკენ და მის საწყალ თვალებში შიმშილის დაუოკებელი გრძნობა მძვინვარებს.

აცნობიერებთ რა, რომ ამ მომენტში ერთნაირად გშიათ და მისი გამოხედვა თქვენი გრძნობების ერთგვარი ანარეკლია, იღებთ გადაწყვეტილებას სანუკვარი კერძი მასაც უწილადოთ…

მწვადი უკვე შეჭმულია და კმაყოფილი ფინია ბალახში გორაობს, იგი ტკბება ბუნებით და ეტყობა რომ სრული ბედნიერებისთვის ფუმფულა კუდიანი ევაღა აკლია…

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი